გერმანიის აღმოსავლეთში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ხანძრის გამო სამი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა
აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ყოფილი საბჭოთა სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალის გამო მეხანძრეები ხანძრის კერასთან პირდაპირ მიახლოებას ვერ ახერხებენ და უსაფრთხოების მიზნით ერთი კილომეტრის დისტანციის დაცვა უწევთ.
გავრცელებული ცნობით, ყოფილი პოლიგონზე ჯერ კიდევ რჩება საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს.
პოლიგონის მახლობლად მდებარე სოფლების – გრანცინის, გრანცინერ-მიულესა და კრიენკეს მოსახლეობას დროებითი ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 250 მეხანძრე მონაწილეობს და უახლოეს პერიოდში დამატებითი ძალების ჩართვაც იგეგმება.
ცნობისთვის, მსგავსი ხანძარი ივნისში, ექსტრემალური სიცხის ფონზე, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზეც გაჩნდა. ცეცხლი ბუნებრივ ნაკრძალ როტენფელსში გაჩნდა, სადაც წარსულში საარტილერიო ჭურვების უტილიზაცია ხდებოდა. ხანძრის შედეგად ძველი საბრძოლო მასალის ნაწილი აფეთქდა.