გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილი 11 მოქალაქე საქართველოში 26 ივნისს დაბრუნდება
გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილი 11 მოქალაქე საქართველოში 26 ივნისს დაბრუნდება

გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილმა საქართველოს 11-მა მოქალაქემ ღამე სასტუმროში გაათენა, სადაც საკონსულოს წარმომადგენლებმა გადაიყვანეს. ამასთან, მოგვარდა ბილეთების პრობლემა და ისინი დღესვე გამოფრინდებიან კელნის აეროპორტიდან. საქართველოში კი, 26 ივნისს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჯაბა ჩაჩანიძემ აცნობა.

„ვიცე-კონსულმა თამთა კინწურაშვილმა გადაგვიყვანა სასტუმროში, ელჩმა ლევან იზორიამ კი ბილეთების პრობლემა მოგვიგვარა ყველანაირი ხარჯების გარეშე. 13:15 საათზე არის ჩვენი ფრენა და 26 ივნისს ჩამოვალთ საქართველოში“, – ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.

საქართველოს 11 მოქალაქე გერმანიის აეროპორტში გუშინ ჩარჩა. მათ კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტის პასუხების აღება ვერ მოასწრეს, რის გამოც ბორტზე არ დაუშვეს. ისინი გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით იმყოფებოდნენ, თუმცა დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტის დარღვევისა და სათანადო ანაზღაურების გადაუხდელობის გამო გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ.