გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებულ ერთ-ერთ ოჯახს ადგილობრივმა სასამართლომ ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა
გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებულ ერთ-ერთ ოჯახს ადგილობრივმა სასამართლომ ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

საქსონიის სასამართლომ საქართველოში დეპორტირებულ ერთ-ერთ ოჯახს გერმანიაში დაბრუნების უფლება მისცა. ამის შესხებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

საქმე ეხება ცხრასულიან ოჯახს, რომელთა დეპორტაციაც ივნისში განხორციელდა.

თუმცა, საქსონიის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო და ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, დაბრუნდეს გერმანიაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მედიის ცნობით,​ ცხრასულიანი ოჯახის წევრები გერმანიაში 2013 წელს ჩავიდნენ. ხუთი ბავშვი გერმანიაში დაიბადა. ივნისში მათი საქართველოში დეპორტაცია ადგილობრივებმა და ასევე, პოლიტიკოსების ნაწილმაც გააკრიტიკეს, რადგან ოჯახი ღამით გააღვიძეს და ბავშვებთან ერთად გადაიყვანეს სადეპორტაციოდ.

ოჯახის წევრების მიერ შეტანილი თავშესაფრის მიღების განაცხადი რამდენჯერმე უარყვეს, თუმცა საქსონიის სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო. ამის მიზეზად სასამართლომ ის დაასახელა, რომ ბავშვები უკვე დიდი ხანია, სწავლობენ გერმანულ სკოლაში და ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში. გერმანიის კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მათ ქვეყენაში დარჩენის უფლება აქვთ.

მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული მიზეზების გათვალისწინებით, გერმანიაში დარჩენის უფლება ასევე ექნებათ ოჯახის სხვა წევრებსაც.