გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

გერმანიაში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწები დააზარალა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში და მნიშვნელოვანი ზარალი ნიდერლანდებმაც განიცადა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შემდეგაც მდინარეები ადიდდა.

ანგელა მერკელმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, თქვა, რომ „კატასტროფით შოკირებულია“.

დაზარალებულების დასახმარებლად მთავრობამ ვერტმფრენები და ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. პოლიციის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო, ათეულობით ადამიანი დახმარებას სახლის სახურავებზე ელოდება.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრმა, არმინ ლაშეტმა დაზარალებულ რაიონში ვიზიტის დროს სტიქიის მიზეზად გლობალური დათბობა დაასახელა.