გერმანიაში ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს
გერმანიაში  ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს

გერმანიის პოლიციამ  ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, ინდური წარმოშობის პირები ფალსიფიცირებული ბერძნული ვიზისა და ქორწინების ყალბი მოწმობების საშუალებით, ინდოეთის მოქალაქეებს გერმანიაში ცხოვრების უფლების მოპოვებას ჰპირდებოდნენ.

გერმანიის ფედერალური პოლიციის განმარტებით, დანაშაულებრივი ქსელის ლიდერი 21 წლის ინდოელია, რომელიც გერმანიაში ჩასულ სხვა ინდოელებს 17 000 ევროს გადახდის სანაცვლოდ შენგენის ვიზას ან გერმანიის მოქალაქეობის მიღებას ჰპირდეობდა.

დანაშაულებრივი ქსელის წევრები ინდოელებს დასაქმების პირობასაც აძლევდნენ.

ოპერაცია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, ქალაქ ესენში ჩატარდა. დაკავებებთან ერთად, სამართალდამცველებმა  ექვს სხვადასხვა ქალაქში 23 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. გამოძიებაში დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელთან ერთად, 50-ზე მეტი ინდოელი მამაკაცი, ასევე რუმინელი ქალები ფიგურირებენ, რომლებიც თანხის სანაცვლოდ ინდოეთის მოქალაქეებზე ქორწინდებოდნენ. შედეგად ინდოელი მამაკაცები ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას იღებდნენ.