გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს
გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფრანკფურტის პროკურატურის ინფორმაციით, ახლაგაზრდა ჰესენის მიწაზე, ქალაქ ფლორშტადტში ჯერ კიდევ 1-ელ სექტემბერს დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის შესახებ საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა.

პროკურატურის მონაცემებით, დაკავებულს გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს. გამოძიების მტკიცებით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით ტერაქტს გეგმავდა. განზრახვის განსახორციელებლად მას ბომბის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ჩხრეკის დროს ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია ინტერნეტში მოიძია და ონლაინმაღაზიაში ქიმიური ნივთიერებების ყიდვას ცდილობდა.