გერმანიაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
გერმანიაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

გერმანიის ორ ჩილიმბარში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი თითქმის შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბინაში აღმოჩენილია კიდევ ერთი ცხედარი.

პოლიციას ეჭვმიტანილის ვინაობასთან და მისი მოქმედების მოტივთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რომ ის გერმანიის მოქალაქეა. თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია ჰქონდა და მის მანქანაში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღის აღჭურვილობა.

პირველი სროლა გერმანიის ქალაქ ჰანაუს ცენტრში მდებარე ჩილიმბარში მოხდა, მეორედ კი თავდამსხმელმა ცეცხლი ქალაქის სხვა უბანში გახსნა. თავდაპირველად სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. თუმცა მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდასხმაში სხვა პირის მონაწილეობის ნიშნები არ არის.