გერმანიაში სკოლის მოსწავლეებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენის წინააღმდეგ გაფიცვა გამართეს

21:24, 25.09.2026

გერმანიაში სკოლის მოსწავლეებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის წინააღმდეგ გაფიცვა გამართეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოსწავლეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენის წინააღმდეგ გამოდიან. ჰამბურგში გამართულ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებს დროშები და ბანერები ეჭირათ წარწერით: „ჩვენ თქვენს ომებში მონაწილეობას არ მივიღებთ“.

გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის „სკოლის გაფიცვა სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა, ბელა ბრაიტნერმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა „სერიოზულად განიხილავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ეტაპობრივ აღდგენას“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

იანვარში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს ითვალისწინებს. მისი მიზანია ჯარში მოხალისეების მოზიდვა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა. თუმცა, ამავე კანონით, თუ უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში ვითარება გაუარესდება ან მოხალისეთა რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდება, გერმანიის პარლამენტმა, შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რომელიმე ფორმის შემოღების საკითხი განიხილოს.

კანონის თანახმად, გერმანიაში მცხოვრებ ყველა 18 წლის ახალგაზრდას ეგზავნება კითხვარი, რომელშიც უნდა მიუთითოს, დაინტერესებულია თუ არა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებით და სურს თუ არა სამხედრო სამსახურის გავლა. კითხვარის შევსება სავალდებულოა მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის ნებაყოფლობითი. ამასთან ერთად, ყველა 18 წლის მამაკაცმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რათა შეფასდეს მისი ვარგისობა შესაძლო სამხედრო სამსახურისთვის.

აქციების ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის დაწყების მიზეზი ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქებში, კილში და ფლენსბურგში, მომხდარი შემთხვევა გახდა. 18 წლის ახალგაზრდებმა სამედიცინო შემოწმებაზე ოფიციალური მოწვევები მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურის სურვილი წინასწარ შევსებულ სარეგისტრაციო ფორმებში არ გამოუთქვამთ.

მოძრაობის ინფორმაციით, გერმანიის მასშტაბით 100-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ შორის კილში, ჰამბურგში, ბერლინსა და ფრანკფურტში.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება ვრცელდება „ყველა იმ მამაკაცზე, რომელიც სამხედრო სამსახურს ექვემდებარება და 2007 წლის 31 დეკემბრის შემდეგ არის დაბადებული“. ეს ვალდებულება იმ პირებსაც ეხებათ, რომლებმაც განაცხადეს, რომ სამხედრო სამსახური არ აინტერესებთ.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ივლისიდან მოყოლებული სამედიცინო შემოწმება დაახლოებით 1 000-მა 18 წლის მამაკაცმა გაიარა, რომლებსაც არმიაში გაწევრიანების სურვილი არ გამოუთქვამთ.

ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში გერმანიას, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდი არმია ჰყავდა. თუმცა, 1990-იან წლებში, „რკინის ფარდის” დაცემის შემდეგ, ქვეყანამ შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყო. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა სავალდებულო სამხედრო სამსახური გერმანიაში 2011 წელს გააუქმა. თუმცა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისა და გერმანიის ტრადიციული მოკავშირე, აშშ-ის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ფონზე, ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ ბუნდესვერს ევროპის ყველაზე ძლიერ სახმელეთო სამხედრო ძალად გარდაქმნის. ამჟამად ბუნდესვერში დაახლოებით 186 700 სამხედრო მოსამსახურეა. მთავრობა მიზნად ისახავს, რომ 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ჯარისკაცების რაოდენობა 260 000-მდე გაზარდოს, რასაც დაახლოებით 200 000 რეზერვისტი დაემატება.

მსგავსი