გერმანიაში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის 100 მილიარდი ევროს ფონდის შექმნას მხარი დაუჭირეს, რუსეთში განაცხადეს, რომ ეს „დაჩქარებული რემილიტარიზაცია“ რისკებს შეიცავს
გერმანიაში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის 100 მილიარდი ევროს ფონდის შექმნას მხარი დაუჭირეს, რუსეთში განაცხადეს, რომ ეს „დაჩქარებული რემილიტარიზაცია“ რისკებს შეიცავს

გერმანიის პარლამენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა და ოპოზიციური პარტიები ბუნდესვერის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად კონსტიტუციის შეცვლაზე და დამატებითი ვალის აღებაზე შეთანხმდნენ, რაც ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.

„რუსეთის ომმა უკრაინასთან აიძულა გერმანიის მთავრობა, გადაეფასებინა ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. დიდი ხანია, ცნობილი იყო, რომ ბუნდესვერს აღჭურვილობა აკლია. სამხედრო ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბრიგადა გერმანიის ტერიტორიის დასაცავად“, – წერს გერმანული მედია.

ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გერმანია „რემილიტარიზაციას“ ახდენს.

„ბერლინის დაჩქარებული რემილიტარიზაცია გამოიწვევს ევროპის უსაფრთხოების დისბალანსს და რისკების შემდგომ ზრდას ევროპის კონტინენტზე. ოფიციალურმა ბერლინმა განსაზღვრა თავისი ქვეყნის დაჩქარებული რემილიტარიზაციის კურსი. როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს, ისტორიიდან ყველამ კარგად იცის“, – თქვა ზახაროვამ.