გერმანიაში, სამხედრო აეროდრომთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს
გერმანიის ქვემო საქსონიის მიწაზე, სამხედრო აეროდრომ ვუნსტორფთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ზოგიერთი მონაცემით, ის ჰგავს დრონს, რომელიც აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობისას გამოიყენეს. ფედერალური პროკურატურა ამ ორ შემთხვევას შორის შესაძლო კავშირს იძიებს.
„ჩვენ გავარკვევთ, შეიძლება თუ არა აქ რაიმე კავშირი არსებობდეს“, – განაცხადა გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ვუნსტორფსა და ლაიფციგში მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას.
მედიის ცნობით, ნამსხვრევები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალს ვერ მიაგნეს.
გერმანული მედია წერს, რომ ვუნსტორფში აღმოჩენილი დრონის ერთ-ერთი დეტალი სამგანზომილებიანი პრინტერით იყო დამზადებული და მისი შეძენა ღია ბაზარზე შეუძლებელია.
ამჟამად პოლიცია სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, რათა ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის სხვა ნამსხვრევებიც აღმოაჩინოს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ვუნსტორფის ავიაბაზაზე გერმანიის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის, სატრანსპორტო თვითმფრინავები A400M-ები არიან ბაზირებული.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, An-124-ის, სიახლოვეს აღმოაჩინეს. როგორც იუწყებიან, კიდევ ერთი დრონი სატრანსპორტო კომპანიის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა 1 სექტემბერს განაცხადეს, რომ გამოძიებამ ინციდენტში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობა გამოავლინა.
ამასთან, ბერლინში საპასუხო ზომების შესახებ განაცხადეს. კერძოდ, ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურეს და ბერლინში რუსეთის სახლის საქმიანობის შეწყდა.