გერმანიაში სამართალდამცველებმა ტერაქტების მომეტებული საფრთხის შესახებ განაცხადეს
გერმანიაში სამართალდამცველებმა ტერაქტების მომეტებული საფრთხის შესახებ განაცხადეს

გერმანიაში სამართალდამცველებმა ტერაქტების მომეტებული საფრთხის შესახებ განაცხადეს. როგორც გერმანულ სპეცსამსახურებში ამბობენ, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე, გერმანიაში ისლამისტების თავდასხმის რისკი გაზრდილია.

როგორც გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი თომას ჰალდენვანგი ამბობს, ისლამისტების თავდასხმის საფრთხე გერმანიაში, უკვე დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ, ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, „პალესტინის მხარდამჭერები სხვადასხვა ექსტრემისტული სპექტრიდან, საჯაროდ ავრცელებენ ანტისემიტიზმს, რაც მყარად არის გამჯდარი მათ იდეებში“.

მისივე თქმით, ამან, შეიძლება, ზემოქმედება მოახდინოს „ემოციურ ადამიანებზე“, რომლებსაც უბრალო საშუალებებით შეუძლიათ, მარტოებმა მოაწყონ თავდასხმა „რბილ“ სამიზნეებზე. ასეთ სამიზნედ ითვლება სხვადასხვა დაწესებულება და სამოქალაქო მოსახლეობა.

გერმანიის სპეცსამსახურებში ასევე აცხადებენ, რომ საფრთხეს ქმნიან მემარჯვენე ექსტრემისტებიც.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა ასევე დაადასტურა გერმანიაში არსებული ტერორისტული საფრთხე და თქვა, რომ ბოლო კვირებში გერმანიის ხელისუფლება გარკვეულ პრევენციულ ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენ ვანგრევთ ისლამისტურ სტრუქტურებს და ვაჩერებთ ტერორისტულ პროპაგანდას, რომლის მიზანიც დამნაშავეების შთაგონება და რადიკალიზაციაა“, – განაცხადა ფეზერმა.