გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ
გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ

გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ. ეს დღე გერმანიის ეროვნული დღესასწაულია, თუმცა პანდემიის გამო, მასობრივი სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაიმართება.

გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია პოსტდამშია დაგეგმილი, სადაც სიტყვით გამოვლენ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ანგელა მერკელი.

1990 წლის 3 ოქტომბერს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწა ფორმალურად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში გაერთიანდა.

გერმანიის გაერთიანების დღის აღნიშვნა თავდაპირველად 9 ნოემბერს იგეგმებოდა. სწორედ ამ დღეს, 1989 წელს დაანგრიეს ბერლინის კედელი. თუმცა, 9 ნოემბერი ასევე ემთხვეოდა ნაცისტების მიერ ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური დარბევის თარიღს, რის გამოც გერმანიის ერთიანობის დღეს 3 ოქტომბერს აღნიშნავენ.