გერმანიაში ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჩუბინიძის საჩივრის საფუძველზე აღიძრა
გერმანიაში მცხოვრები გიორგი ჩუბინიძე ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის ნატა ფერაძეს მან უჩივლა.
ნატა ფერაძემ გერმანიაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე.
როგორც გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, ამ ამბის გასაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა ის ნატა ფერაძემ თავად გამოიტანა საჯარო სივრცეში.
„ნატა ფერაძემ დღეს თავად გაასაჯაროვა, რომ ბერლინში Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის წინააღმდეგ საგამოძიებო საქმე მიმდინარეობს. იქვე, უკვე ამ საქმის შესახებ საუბრისას, ჩემ მიმართ კვლავ გამოიყენა სიტყვები: „ჩანერგილი“, „ქოცი“, „გარეწარი“.
ანუ იმავე პოსტში, რომელშიც შეურაცხყოფის გამო დაწყებულ საქმეზე წერს, ისევ იმავე ფორმით აგრძელებს ჩემზე საუბარს.
დიდი საიდუმლოს შექმნა საჭირო არ არის, განცხადება მე შევიტანე, სატირული გვერდის „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ავტორმა.
ამ ამბის გასაჯაროებას არ ვაპირებდი. თავად რომ არ დაეწერა, ჩემგან საზოგადოება ამის შესახებ ვერ გაიგებდა. არა იმიტომ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ვმალავდი, არამედ იმიტომ, რომ არ მინდოდა პირადი სამართლებრივი საკითხი საქართველოში პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილად ქცეულიყო.
ზუსტად ეს მოხდა კიდეც: მან თავად გაასაჯაროვა საქმე, შემდეგ კი მისი პოსტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააზიარა და პოლიტიკური შეფასება დაურთო. ინფორმაცია, რომლის პოლიტიკურ იარაღად ქცევაც არ მინდოდა, საჯარო სივრცეში თავად გამოიტანა.
საქმე მარტივია: რამდენიმე კვირის წინ ნატა ფერაძემ საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი სახელი, ფოტო და პროფილი და ჩემ მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ამის შემდეგ მე მივმართე არა ქართულ ხელისუფლებას, მედიას ან პოლიტიკოსებს, არამედ იმ ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტს, სადაც ვცხოვრობ.
გერმანიაში შეურაცხყოფა შეიძლება, სისხლის სამართლის საკითხი იყოს და ამას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
ეს არ ნიშნავს, რომ ნატა ფერაძე დამნაშავედ არის ცნობილი. მას აქვს ადვოკატის, დაცვისა და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის სრული უფლება. თუ შესაბამისი გერმანული ორგანო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებ.
მე არც ხელისუფლების წევრი ვარ, არც დეპუტატი და არც პარტიის წარმომადგენელი. ვარ რიგითი, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და სატირული გვერდის ავტორი. ჩემი მოსაზრებების, საქმიანობის, ტექსტებისა და „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ სატირის კრიტიკა ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ პიროვნებაზე გადასვლა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით საჯაროდ მოხსენიება სხვა საკითხია.
სად გადის ამ შემთხვევაში დასაშვები კრიტიკისა და სამართლებრივად რელევანტური შეურაცხყოფის ზღვარი, ამას არც მე ვადგენ და არც Facebook-ი, ამას შესაბამისი გერმანული ორგანო შეაფასებს. თუ მსგავსი საჯარო განცხადებები გაგრძელდება, სამართლებრივი რეაგირების უფლებას კვლავ გამოვიყენებ.
სწორედ ამიტომ მინდა ევროპა, ადგილი, სადაც საკუთარი უფლების დასაცავად არ გჭირდება პარტია, მინისტრი, ტელევიზია ან გავლენიანი ნაცნობი. მიმართავ ინსტიტუტს, მეორე მხარე იცავს თავს და ორივე ელოდებით მის გადაწყვეტილებას.
და ასეთივე საქართველო მინდა: სადაც შეგვიძლია, თავისუფლად გავაკრიტიკოთ ერთმანეთი და არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ საკუთარი ღირსების დასაცავად ადამიანს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჰქონდეს და არა პოლიტიკური მფარველი. მე ჩემი უფლება გამოვიყენე. ნატა ფერაძე თავისას იყენებს. დანარჩენი სამართლებრივი სისტემის საქმეა“, – წერს გიორგი ჩუბინიძე.