გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სატვირთო ტერმინალ „ლასარესთან“ მისი ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ.
აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას ესწრებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის სანდრა რულოვსი და გიორგი ბოტკოველი.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, მას ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია. მკვლელობის იარაღი მდინარიდან ამოიღეს. როგორც დასავლური მედია წერს, მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი.
„შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

