გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატს, მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბრემენის განყოფილების თავმჯდომარეს, ფრანკ მაგნიტცს უცნობი პირები თავს დაესხნენ. როგორც „დოიტჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ინციდენტი ბრემენის ისტორიული ცენტრის მახლობლად, თეატრის შენობასთან მოხდა. პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აცხადებენ, რომ სამივე თავდამსხმელი ნიღბიანი იყო. ფრანკ მაგნიტცი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია მომხდარის თვითმხილველებს ეძებს. სამართალდამცველები თავდასხმის პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავენ.
აღსანიშნავია, რომ 3 იანვარს საქსონიის ქალაქ დობელნში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისის კართან აფეთქება მოხდა. მომხდარს პოლიციის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება იძიებს.