გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი პეტერ ფიტცეკი
გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი პეტერ ფიტცეკი

გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, რომელიც ე.წ. რაიხსბიურგერის მოძრაობის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფების საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.

პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა დაჯგუფების ოფისებსა და მისი წევრების სახლებში გერმანიის შვიდ რეგიონში. დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის პეტერ ფიტცეკი – დაჯგუფების ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს „გერმანიის მეფეს“ უწოდებს.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, „გაერთიანების წევრებმა შექმნეს „კონტრსახელმწიფო“ ჩვენს ქვეყანაში და ააწყეს დანაშაულებრივი ეკონომიკური სტრუქტურები“.

„ამგავარად, ისინი ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და ფედერალური რესპუბლიკის მონოპოლიას ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ისინი იყენებენ ანტისემიტურ კონსპირაციულ ნარატივებს, რათა გაამყარონ თავიანთი პრეტენზიები ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

აკრძალვა ასევე ეხება „გერმანიის სამეფოსთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს.

ფიტცეკმა დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ 2012 წელს დააფუძნა. დაჯგუფებას 6 000-მდე წევრი ჰყავს. დაჯგუფება უარყოფს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ლეგიტიმურობას. დაჯგუფების წევრები უარს აცხადებენ გადასახადებისა და ჯარიმების გადახდაზე, დაბეჭდილი აქვთ საკუთარი პასპორტები და ავტომობილის მართვის მოწმობები.