გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ. ისინი რკინიგზის ეროვნული ოპერატორი კომპანია Deutsche Bahn-ისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვა 10 იანვარს დაიწყო და პარასკევს საღამოს დასრულდება.

კერძოდ, პროფკავშირი მემანქანეებისთვის ყოველკვირეული სამუშაო საათების 38-დან 35-მდე შემცირებას ითხოვს. ამას გარდა, მოთხოვნებს შორის არის ყოველთვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდა და ინფლაციის გათვალისწინებით დასაქმებულებისთვის სამი ათასამდე ევროს ერთჯერადად გადახდა. Deutsche Bahn-ში ამბობენ, რომ მზად არიან, ხელფასი 11%-ით გაზარდონ.

გაფიცვაში მონაწილეობენ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლების მემანქანეები. კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ საპროტესტო აქცია ქვეყნის მასშტაბით რკინიგზის მუშაობას სერიოზულად შეაფერხებს. მატარებლები საგანგებო განრიგით იმოძრავებენ. Deutsche Bahn-ი მოუწოდებს მგზავრებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

მემანქანეთა პროფკავშირმა 24-საათიანი „გამაფრთხილებელი“ გაფიცვა 8 დეკემბერს გამოაცხადა, თუმცა პროფკავშირებსა და დამსაქმებელს შორის მაშინ მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. რკინიგზის მემანქანეთა გაერთიანება ოპერატორ კომპანიას აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი სამდღიანი გაფიცვა მიმდინარე წელს მხოლოდ დასაწყისია.

რკინიგზის მემანქანეების გაფიცვის პარალელურად, გერმანიაში საპროტესტო აქციებს მართავენ ფერმერები. ორშაბათიდან ფერმერებს ქვეყანაში რამდენიმე გზატკეცილი აქვთ გადაკეტილი ტრაქტორებით, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.