გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს
გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს. ისინი უკან საქართველოში უნდა გამოფრენილიყვნენ, მაგრამ „პისიარ ტესტის“ პასუხები დროულად ვერ მიიღეს, რის გამოც რეისზე არ დაუშვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საელჩო მოქალაქეების დახმარებას ცდილობს.

„საქართველოს 11 მოქალაქეს, რომლებიც გერმანიაში იმყოფებოდნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, დააგვიანდათ კიოლნი-სტამბოლის რეისზე, რითაც უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. მოქალაქეები მაშინვე დაუკავშირდნენ საკონსულო სამსახურს და აცნობეს აღნიშნული პრობლემის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, საკონსულო სამსახურმა დაიწყო მუშაობა მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის და მათი პრობლემების მოგვარების მიზნით.

საკონსულო მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან და ყველა საშუალებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს მათ, რათა ისინი დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში. წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გერმანიის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს 11 მოქალაქე იმ ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით 10 ივნისს ჩავიდნენ, თუმცა ისინი ღირსების შემლახველ და არაადამიანურ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ დამსაქმებელი მათ ანაზღაურებას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით არ უხდიდა.

ამის გამო, 18 ივნისს ისინი გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანა. ჯგუფის წევრების განცხადებით, საცხოვრებელი პირობები მეორე დამსაქმებელთან დამაკმაყოფილებელი დახვდათ, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა ანაზღაურების საკითხი. კერძოდ ახალი დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქეებს მოკრეფილი მარწყვის რაოდენობით უნაზღაურებდნენ და არა საათობრივად, როგორც ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. შედეგმა დასაქმებულების განცხადებით, დაპირებულზე 4-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ. ამის გამო, ჯგუფის წევრმა 11-მა ადამიანმა საქართველოში დროზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი დღეს უნდა გამოფრენილიყვნენ.