გერმანიაში კომპანიების 49% კადრების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო ფედერალური გაერთიანების (DIHK) ანგარიშში.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა.
გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო ფედერალური გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამუშაო ძალის მოძიების პრობლემებს ყველაზე მეტად სამშენებლო სფერო განიცდის. კადრების დეფიციტი ასევე აფერხებს ციფრული სფეროს განვითარებას.
როგორც გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო ფედერალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, ახიმ დერკსმა განაცხადა, შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარება შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გერმანიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ინოვაციურ პოტენციალზე.
გერმანიის მთავრობამ 2018 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტების შრომითი იმიგრაცია უნდა გაამარტივოს.