გერმანიაში იტალიური „ნდრაგეტა მაფიის“ წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა
გერმანიაში იტალიური „ნდრაგეტა მაფიის“ წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა

გერმანელმა სამართალდამცველებმა იტალიური „ნდრაგეტა მაფიის“ წინააღმდეგ, საერთაშორისო ოპერაცია „ევრიკას“ ფარგლებში, რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის, ბავარიის, ტურინგის, რაინლანდ-პალატინატისა და საარლანდის მიწებზე კოორდინირებული სპეცოპერაცია განახორციელეს. რეიდებში პოლიციის 1000-ზე მეტი ოფიცერი იყო ჩართული.

მედიის ცნობით, სპეცოპერაციას წინ უძღოდა თითქმის ოთხწლიანი გამოძიება, რომელმაც გამოავლინა რესტორნების, პიცერიების, კაფეებისა და სანაყინეების ფართო ქსელი, სადაც მაფიის ფულის გათეთრება მიმდინარეობდა. ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და სხვა დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების მიმართ გამოიცა დაკავების 100-ზე მეტი ორდერი.

კრიმინალური ორგანიზაცია სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში, გემის საშუალებით, ანტვერპენის, როტერდამისა და კალაბრიის პორტებში ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდით იყო დაკავებული. საერთაშორისო ოპერაცია „ევრიკა“ იტალიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბრაზილიისა და პანამის სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით, ასევე, „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ჩართულობით განხორციელდა.