გერმანიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის კანონი შემსუბუქდება
გერმანიის მმართველი კოალიცია შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის შემსუბუქებაზე შეთანხმდა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების საშუალება არ ექნებათ.
DW-ს ცნობით, გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის შემსუბუქებაზე შეთანხმებას მიაღიწეს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება არ შეეძლებათ.
კერძოდ, ეს შეზღუდვა შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ითხოვენ. კონკრეტული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას ვერ შეძლებენ, ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.
Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, ახალი კანონპროექტი აუქმებს დამსაქმებლებისადმი დაწესებულ მკაცრ მოთხოვნებს. კერძოდ, მათ აქამდე უწევდათ დასაბუთება, რომ კონკრეტულ პოზიციაზე გერმანელი ან ევროკავშირის მოქალაქის დასაქმება შეუძლებელია. სწორედ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი სამსახურის ევროკავშირის არწევრი ქვეყნის მოქალაქისთვის შეთავაზება. შრომითი მიგრაციის ახალი კანონი ამ მოთხოვნას აუქმებს.
ახალი პროექტით, გერმანიაში პროფესიული გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს დასაქმებისთვის გარკვეულ ვადას მისცემენ.
ახალ კანონპროექტს გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სავარაუდოდ, 19 დეკემბერს განიხილავენ.