გერმანიაში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიების მოწყობაში ეჭვმიტანილის ავტომობილში 160-ზე მეტი სავარაუდო სამიზნის სია აღმოაჩინეს

18:49, 10.09.2026

გერმანიაში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიების მოწყობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ჩხრეკისას პოლიციამ 160-ზე მეტი ობიექტის სია აღმოაჩინა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათ შორის იყო ადგილები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალი თავდასხმების სამიზნეები უნდა გამხდარიყო.

გამომძიებლებმა მამაკაცის ავტომობილში იპოვეს რვეული, სადაც 160-ზე მეტი ობიექტის შესახებ ჩანაწერები იყო გაკეთებული. მათ შორის იყო როგორც უკვე განხორციელებული დივერსიების ადგილები, ისე შესაძლო სამომავლო სამიზნეები.

„ჩვენ არა მხოლოდ თავდასხმების სავარაუდო შემსრულებელი დავაკავეთ, არამედ, შესაძლოა, შემდგომი თავდასხმებიც აღვკვეთეთ“, – განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა.

მისივე თქმით, დაკავებულმა სამართალდამცველებს შვიდი ადგილის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა ნივთს მალავდა. პოლიციამ ამ ადგილებიდან სამი უკვე იპოვა და მასალებს ამოწმებს.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში პოლიციამ 40-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარიც აღმოაჩინა. სამართალდამცველების ვარაუდით, მათი გამოყენება დივერსიების დროს იგეგმებოდა. მსგავსი დანადგარები ასევე იპოვეს ბრანდენბურგსა და საქსონიაში.

ამასთან, ეჭვმიტანილი მამაკაცის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებებიც. ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციაში ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიიდან 1 700-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.

დაკავებულ მამაკაცს ბრანდენბურგსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დივერსიების მოწყობა ედება ბრალად.

მსგავსი