გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ
გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. კონფერენციის მიზანია, განიხილონ „სისხლის სამართლის მიხედვით, ძირითადი დანაშაულების კოორდინირებული გამოძიების“ უფრო ეფექტური მეთოდები.

მედიის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიისა და კანადის იუსტიციის მინისტრების გარდა, ესწრებიან იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი დიდიე რეინდერსი, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი, უკრაინის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დენის მალიუსკა და ანდრეი კოსტინი.

შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დანაშაულებრივი მეთოდებით აწარმოებს და მათ რიცხვს მიეკუთვნება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაც.

„რუსეთის ტაქტიკა მიმართულია იმაზე, რომ ხალხი ზამთარში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, როდესაც ტემპერატურა შესაძლოა, მინუს 30 გრადუსამდე დაეცეს“, – განაცხადა ბუშმანმა.