გერმანიაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაგეგმილზე ადრე შეეძლებათ
გერმანიაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაგეგმილზე ადრე შეეძლებათ

გერმანიაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაგეგმილზე ადრე შეეძლებათ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვაქცინაციის სტრატეგიის მიხედვით, გერმანიამ მოსახლეობა სამ ჯგუფად დაყო, რათა პირველ რიგში ვაქცინა იმ ადამიანებს გაუკეთდეთ, ვინც მის მიღებას საჭიროებენ. მათ შორის არიან 80 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ადამიანები. ჯერჯერობით კი მასწავლებლები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები ბოლო ჯგუფში ერთიანდებიან.

„ჩვენ გვსურს, ეს ჯგუფი მეორე კლასტერს მალე დავამატოთ და მათ ვაქცინა ადრე შევთავაზოთ“, – განაცხადა შპანმა.

აღსანიშნავია, რომ 22 თებერვლიდან ქვეყნის 16 ფედერალური რეგიონიდან ათი საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების გახსნას აპირებს. როგორც „როიტერი“ წერს, შპანის განცხადება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, გერმანიის მთავრობა კრიტიკის ობიექტი ვაქცინაციის შედარებით ნელი ტემპის გამო გახდა. ქვეყანაში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის ახალი შემთხვევების შემცირების ფონზე კი სულ უფრო მეტად მოუთმენლები გახდნენ კარანტინის შემსუბუქების მოლოდინში, რომელიც უკვე მეოთხე თვეა, გერმანიაში მოქმედებს.