გერმანიაში დააკავეს პროგრამისტი, რომელმაც პოლიტიკოსების პირადი მონაცემები მოიპოვა და გაასაჯაროვა
გერმანიაში პოლიტიკოსების პირადი მონაცემების მოპარვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. Deutsche Welle-ს ცნობით, 20 წლის მამაკაცის დაკავების ოპერაცია ფესენის ფედერალურ მიწაზე ჩატარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ ჰაილბრონში ადგილობრივი 19 წლის პროგრამისტის სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ტექნიკური აღჭურვილობა ამოიღეს. პროგრამისტმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია, საქმეში მთავარ ეჭვმიტანილ ჰაკერთან კონტაქტი აქვს.
გერმანიაში პოლიტიკური ფიგურების პირადი მონაცემების გასაჯაროების შესახებ 4 იანვარს გახდა ცნობილი. გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ბუნდესტაგის თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლის საკრედიტო ბარათები, წერილები, პასპორტები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ასევე სხვადასხვა შიდაპარტიული დოკუმენტების ასლები ინტერნეტის საშუალებით გაასაჯაროვეს.
ჰაკერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირების, ასევე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიისა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს.
კიბერდამნაშავეების თავდასხმას გადაურჩნენ პოლიტიკოსები პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. გერმანული მედიის ცნობით, პოლიტიკოსების პირადი მონაცემები დეკემბრის ბოლოს, მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით, „წინასაახალწლო სიურპრიზის“ სახელით გავრცელდა, თუმცა სოციალური ქსელით გავრცელებული მასალა მხოლოდ სამ იანვარს, ღამის საათებში შეამჩნიეს.