გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 128 ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 128 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 128 ადამიანი გარდაიცვალა, 4 615 კი დაინფიცირდა. კოვიდ-19-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 583-ს მიაღწია. აღნიშნულ მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის უწყებაა.

გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 61 913 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, თიურინგიის ქალაქი იენა გერმანიის პირველი ქალაქია, სადაც მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიაში დამცავი ნიღბების ტარებას დაავალდებულებენ. საქალაქო საბჭოს განცხადებით, ახალი წესები მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებისგან განსხვავებულია. კერძოდ, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, გერმანიაში ამ დროისთვის გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 66 885 შემთხვევა, გარდაცვლილია 645 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 13 500 პაციენტი.