გერმანიაში აუცრელებისთვის „კოვიდ“-შეზღუდვები გამკაცრდა
გერმანიაში აუცრელებისთვის „კოვიდ“-შეზღუდვები გამკაცრდა

„კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღასთან საბრძოლველად, გერმანიის ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ ახალი შეზღუდვები მიიღეს, რომლებიც ძირითადად აუცრელ ადამიანებს შეეხებათ.

კერძოდ, მაღაზიებში, სადაც პირველადი დანიშნულების პროდუქტები არ იყიდება, მხოლოდ ვაქცინირებულ და „კოვიდ“-გადატანილ მოქალაქეებს შეუშვებენ.

სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. იმ რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაკუთრებით რთულია, დაიხურება ღამის კლუბები. კერძო წვეულებებზე დახურულ სივრცეში დაშვებული იქნება მხოლოდ 50 ადამიანის დასწრება, ხოლო ღია სივრცეებში 200 ადამიანს დაუშვებენ.

ასევე, შეიზღუდება სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა. ახალ წელს აიკრძალება ფეიერვერკების გამოყენება და წვეულების გამართვა.

მსგავსი შეზღუდვები გერმანიის რეგიონების ნაწილში ახლაც მოქმედებს, თუმცა ახლა ეს წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.