გერმანიაში აქციის მონაწილეები ევროკავშირისგან მორიას ბანაკში დარჩენილი მიგრანტების დახმარებას ითხოვენ
გერმანიაში ათასობით ადამიანი ევროკავშირისგან მორიას ბანაკში დარჩენილი მიგრანტებისთვის დახმარების გაწევას ითხოვს. დემონსტრანტები ევროკავშირს მოუწოდებენ, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ხანძრის შედეგად განადგურებული მორიას ბანაკის მცხოვრებლებს დახმარება სასწრაფოდ გაუწიოს.
გერმანია აცხადებს, რომ ქვეყანა მორიას ბანაკიდან 1500 მიგრანტს მიიღებს, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გერმანიას ბევრად მეტი მიგრანტის მიღება შეუძლია.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბერლინში გამართულ აქციაზე 5 000 ადამიანი იმყოფებოდა. აქციები გაიმართა კელნში, მიუნხენსა და ლაიფციგშიც.
კუნძულ ლესბოსზე არსებული მიგრანტთა ბანაკში ხანძარი 9 სექტემბერს გაჩნდა. მორიას ბანაკში 13 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა. ბანაკის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მიგრანტები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ და ევროპის მასშტაბით გადაადგილების უფლებას ითხოვენ.
ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკში მცხოვრებ მიგრანტთა რაოდენობა მის ტევადობას ოთხჯერ აღემატება. ბანაკში მცხოვრები 35 მიგრანტი ამჟამად დაკარგულად ითვლება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიგრაციულ ცენტრში სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელია.