გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია

18:57, 30.04.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირადად მისთვის ეს პარტნიორობა ძვირფასია.

მისი თქმით, გერმანიის კომპასი კვლავინდებურად ფოკუსირებულია ძლიერ ნატო-ზე და სანდო ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე. ამის შესახებ კანცლერმა მიუნსტერში, საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ის, რასაც ბუნდესვერი აქ, მიუნსტერში აღწევს, არა მხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ მნიშვნელოვანი და შეუცვლელი წვლილია ძლიერ, ერთიან ნატო-ში. ჩვენ ვაკეთებთ სამუშაოს აქ და სხვა სტრატეგიულ ტერიტორიებზე გერმანიაში, აშშ-სა და ნატო-ელი მოკავშირეების მხარდამხარ. როგორც იცით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, პირადად ჩემთვის“, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთსასარგებლოა და ტრანსატლანტიკური კავშირების გასაძლიერებლად ხდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების საკითხს განიხილავს. როგორც ცნობილია, აშშ-ს ევროპაში 68 000-მდე სამხედრო პერსონალი ჰყავს, საიდანაც 36 400 გერმანიაში იმყოფება.

მსგავსი