გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი, სულ მცირე, 500 სამხედრო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს
გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი, სულ მცირე, 500 სამხედრო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს

გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი, სულ მცირე, 500 სამხედრო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ქვეყნის იუსტიციის მინისტრზე, მარკო ბუშმანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუშმანმა გამოცემა „ბილდთან“ ინტრვიუში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი და მას იმედი აქვს, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

„ვინმე თუ იძლევა განკარგულებას, რომ მიზანმიმართულად დაირღვეს საერთაშორისო კანონი, მაშინ ის პოტენციურად სამხედრო დამნაშავეა“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, გერმანიისთვის აუცილებელია რუსეთის დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებების შეგროვება გაგრძელდეს.

„ნებისმიერი ფოტო და ვიდეო, რომელიც სმარტფონში ინახება, შეიძლება, დაეხმაროს გამოძიებას. ასე რომ, ვინც ამ მასალას შლის, ის, უბრალოდ, ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო დანაშაულების დამალვას“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა.

ცნობისთვის, შემდეგ კვირაში გერმანიაში გაიმართება კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის საკითხებს ეხება. როგორც გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ამ ფორუმზე საუბარი იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით გახშირებულ თავდასხმებზე.

„თუ რუსული დრონი, რომელსაც სამხედრო მართავს, განზრახ მიმართულია სახლისკენ, რომელშიც არიან მოქალაქეები, მაშინ ეს სამხედრო დანაშაულია“,- განაცხადა ბუშმანმა.

მან ასევე თქვა, რომ გერმანია აპირებს, გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობა გააფართოოს უკრაინასთან, პოლონეთთან და აშშ-თან.