გერმანიაში 2026 წლის დასაწყისიდან სავარაუდო დივერსიის 165-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს

09:59, 04.09.2026

გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა 2026 წლის დასაწყისიდან სავარაუდო დივერსიის 165-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს. ამავე პერიოდში სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავზე საეჭვო დრონების გამოჩენის თითქმის 750 ინციდენტი აღირიცხა.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა ავრცელებს, რომელიც გერმანიის ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციის სამსახურის კონფიდენციალურ ანგარიშს ეყრდნობა.

დოკუმენტი ბერლინში ივნისის შუა რიცხვებში გახსნილი ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის ერთობლივი ცენტრის (GAZ-Hybrid) მუშაობის პირველი თვეების შედეგებს აჯამებს. ანგარიშში ასევე საუბარია ჯაშუშობის შემთხვევებზე, რომლებიც დრონების გამოყენებას არ უკავშირდება. გერმანიის გენერალურმა და ფედერალური მიწების პროკურატურებმა მიმდინარე წელს ჯაშუშობის ფაქტებზე 24 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მათი ნახევარი კიბერსივრცეში განხორციელებულ თავდასხმებს ეხება. კიბერჯაშუშობის კიდევ 40 სავარაუდო შემთხვევაზე გამოძიება გრძელდება. საერთო ჯამში, პოლიციამ ჯაშუშობასთან დაკავშირებული 112 სამართალდარღვევა დააფიქსირა.

60-ზე მეტი შემთხვევა სამხედრო ობიექტებისა და ტექნიკის უნებართვო ფოტო და ვიდეოგადაღებას უკავშირდება, ხოლო 26 ინციდენტში სამართალდამცველები დივერსიის მოსამზადებლად აგენტურ საქმიანობას ეჭვობენ. გარდა ამისა, უსაფრთხოების უწყებებმა 747 საეჭვო დრონის აღმოჩენის ფაქტი დააფიქსირეს, რომელთაც სულ 1 068 შემთხვევა უკავშირდება, სადაც უპილოტო საფრენი აპარატები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების, სამხედრო ბაზებისა და თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების თავზე დაფრინავდნენ.

მსგავსი