გერმანიაში 2017 წელს დანაშაულის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში 2017 წელს დანაშაულის რეკორდულად  დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში 1992 წლიდან დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას დღეს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი დაესწრო. მისი თქმით ამ მაჩვენებლით გერმანიამ ყველა რეკორდი მოხსნა.

„გერმანიაში ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 1992 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. 100 000- მოსახლეზე 7000 საქმე არის უპრეცედენტო მაჩვენებელი“, – განაცხადა ზეეჰოფერმა.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ 2017 წლის განმავლობაში დანაშაულის რიცხვი 5,1 % -ით შემცირდა. სულ შარშან გერმანიაში 5,76 მილიონი დანაშაული აღრიცხეს.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 2017 წელს 23%-ით შემცირდა მიგრანტთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვიც. საერთო ჯამში, შარშან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი 700 000 დანაშაულში დასდეს, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 950 000 იყო.

შემცირებულია პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულის რიცხვიც. როგორც სამინისტროში ამბობენ, გასულ წელს მემარჯვენეების მიერ ჩადენილი დანაშაული შემცირდა, ხოლო მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევრების მხრიდან ძალადობა გაიზარდა.

გერმანიაში ასევე შემცირდა ლტოლვილთა თავშესაფრებზე თავდასხმათა რიცხვი. 2017 წელს სულ 312 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2016 წელს მსგავსი დანაშაულის რიცხვი 995-ს შეადგენდა.