გერმანიამ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
გერმანიამ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გერმანიამ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ გერმანიის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ საქმიანობა აკრძალა და ამჟამად სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე რეიდები მიმდინარეობს.

გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეიდები ძირითადად ფოკუსირებულია ბერლინის, დორტმუნდის, ბრემენის და მიუნსტერის ოთხ მეჩეთზე, რომელიც სავარაუდოდ „ჰეზბოლას“ საკუთრებაა. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობა მიესალმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციაა და შესაბამისად უნდა მოექცნენ.

გერმანიის ხელისუფლების გაანგარიშებით, ქვეყანაში ლიბანური სამხედრო ჯგუფის დაახლოებით 1 050 აქტიური წევრია. „დოიჩე ველე“ წერს, რომ 2013 წელს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპაში „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთას საქმიანობა აუკრძალეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია დაჯგუფების პოლიტიკურ ფრთას.