გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა
გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა

გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს. დროებითი შეზღუდვა კომპანიების „აეროფლოტისა“ და S7-ის რეისებს შეეხოთ.

გერმანიისგან რეისების შესრულების ნებართვის მიღებას ადასტურებს რუსული მხარეც.
თავის მხრივ, რუსეთის ქალაქებში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“.

შეგახსენებთ, გუშინ „ლუფთჰანზამ“ მაინის ფრანკფურტიდან მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა რუსეთის ხელისუფლებისგან რეისების შესრულების ნებართვის დროულად არ მიღების გამო. ამის შემდეგ გერმანიის ავიაციის ფედერალურმა უწყებამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა.

ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირში რეგისტრირებულმა ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა რეისების ბელარუსის გვერდის ავლით შესრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლების მიერ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავება გახდა.