გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე შეზღუდვა მოხსნა
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე მოქმედი შეზღუდვა მოხსნა. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკეთა.
„უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მოქმედების რადიუსის არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს არც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, არც საფრანგეთის, არც ჩვენი მხრიდან. ამერიკელების მხრიდანაც – არა“, – განაცხადა მერცმა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, გერმანია „ყველაფერს გააკეთებს“, რათა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევა განაგრძოს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ის ცოტა ხნის წინ ჩავიდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთნ, დონალდ ტუსკთან ერთად.
მერცის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვა, „მაგალითად, რუსეთში სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების გზით“. მისივე თქმით, გარკვეული ხნის წინ ეს არ ხდებოდა, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ცნობისთვის, დასავლეთის ქვეყნები შორ მანძილზე მოქმედი იარაღის უკრაინისთვის მიწოდებისას აწესებდნენ შეზღუდვებს მის გამოყენებაზე, კერძოდ, კრძალავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორცილებას. 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველად გასცა ნებართვა, რომ უკრაინამ შეძლოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ატაკამსის“ გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამიზნეებზე დარტყმისთვის.