გერმანიამ და ნიდერლანდებმა ესტონეთში ნატო-ს ახალი სამხედრო სარდლობის ცენტრი გახსნეს
გერმანიამ და ნიდერლანდებმა ესტონეთში ნატო-ს ახალი სამხედრო სარდლობის ცენტრი გახსნეს. ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს ესტონეთის ქალაქ ვალგაში, რომელიც ლატვიის საზღვარზე მდებარეობს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ გერმანიის, ნიდერლანდების, ასევე ესტონეთისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრები.
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ოფიციალურად გადავცეთ მრავალეროვნული კორპუსის ჩრდილო-აღმოსავლეთის პასუხისმგებლობა პირველ გერმანულ-ნიდერლანდურ კორპუსს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამხედრო პროტოკოლი. ეს არის ნატო-ს ერთიანობის, მზადყოფნისა და ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილების თვალსაჩინო, ძლიერი დემონსტრირება, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ახალი სამეთაურო ცენტრი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილის ტაქტიკური შტაბის ფუნქციას შეასრულებს. პირველი გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსი უხელმძღვანელებს ესტონეთსა და ლატვიაში განლაგებულ ნატო-ს ყველა ძალას, ასევე ამ ქვეყნების ეროვნული არმიების შესაბამის ქვედანაყოფებს.
შტაბი უხელმძღვანელებს სამხედრო წვრთნების დაგეგმვასა და მართვას, მოემზადება პოტენციური საფრთხეებისთვის და კოორდინაციას გაუწევს რეგიონის დაცვას რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. მეორე სამეთაურო ზონის შექმნა ალიანსს საშუალებას აძლევს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მეტი ჯარი განათავსოს. ნატო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, შესაძლოა, მოკავშირეთა ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა 2029 წელს განახორციელოს, თუ ის ამჟამინდელი სახით შეიარაღებას გააგრძელებს. კრემლმა ასეთი გეგმები უარყო.