გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ კიდევ ერთ სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ კიდევ ერთ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ კიდევ ერთ სისტემას დაუყოვნებლივ გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„რუსული ტერორი უკრაინის ქალაქებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განუსაზღვრელ ზიანს აყენებს ქვეყანას. ეს საფრთხეს უქმნის ხალხის ენერგომომარაგებას და ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მზადყოფნას“, – განაცხადა პისტორიუსმა.

„პეტრიოტის“ სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ დაწერა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გევრდით ურყევად დგას.

„გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბრისას მაცნობა რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების შესახებ სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ურყევად ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ოლაფ შოლცი.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად გადასცემენ.

ომის დაწყებიდან დღემდე მოკავშირეებმა უკრაინას „პეტრიოტის“ სამი სისტემა გადასცეს.