გერმანია თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფ 1 500 მცირეწლოვან მიგრანტს მიიღებს
გერმანია თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფ 1 500 მცირეწლოვან მიგრანტს მიიღებს

გერმანია თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფ 1500 მცირეწლოვან მიგრანტს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინში მთავრობის კოალიციური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, გერმანია მზადაა, მიიღოს არასრუწლოვანი მიგრანტების „დიდი ნაწილი“.

„ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საბერძნეთს ამ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაში, რომელშიც საბერძნეთის კუნძულებზე მყოფი 1000-დან 1500-მდე ბავშვი აღმოჩნდა“,- ნათქვამია დოკუმენტში.

კონკრეტულად საუბარია 14 წლამდე ბავშვებზე, რომლებიც მიგრანტების ბანაკებში უფროსების ზედამხედველობის გარეშე იმყოფებიან. ასევე მათზე, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

მანამდე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტების მიღების სურვილი გამოთქვა ხორვატიამაც.

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღესი კომისარიატის მონაცემებით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ამჟამად 116 ათასი ლტოლვილი და მიგრანტი იმყოფება.

საბერძნეთის სოციალური სოლიდარობის ცენტრის მონაცემებით, მათგან 5 500 ბავშვი და მოზარდია, რომლებიც ბანაკში უფროსების გარეშე არიან.

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიაში, კერძოდ იდლიბის პროვინციაში სირიის არმიამ, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის ავიაცია, თურქი ჯარისკაცებისა და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიელი ოპოზიციონერი მებრძოლების სამხედრო შენაერთების პოზიციები დაბომბა.

ამის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ ანკარა ევროკავშირთან 2016 წელს გაფორმებულ შეთანხმებას აღარ შეასრულებს და ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ევროკავშირმა თურქეთს „ლტოვილების საკითხის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის შეკავება მოსთხოვა“.

ყველაზე რთული ვითარებაა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. როგროც „ფრანს პრესი“ იუწყება, საბერძნეთის მთავრობა საზღვარზე დამცავი ბარიერების გამაგრებას აპირებს.

დატოვე კომენტარი