გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ისრაელის მიერ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევას გმობენ
გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ისრაელის მიერ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევას გმობენ

ევროპული სახელმწიფოები ისრაელის მიერ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევას გმობენ. ამის შესახებ გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

სამი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების განმარტებით, ოფიციალური თელ-ავივის ქმედება რეგიონში სამშვიდობო პროცესის წარმართვას ხელს უშლის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ქმედება სახიფათო პრეცედენტია, რომელიც პრობლემის მოგვარებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.

ოფიციალური თელ-ავივის ქმედება დაგმო ევროკავშირმაც. გაერთიანების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პალესტინელების სახლების დანგრევა საერთაშორისო სამართალს არღვევს. ევროპულმა გაერთიანებამ ისრაელის ხელისუფლებას აღნიშნული ქმედების დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის გარეუბანში პალესტინელების სახლების დანგრევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ოფიციალური თელ-ავივის განმარტებით, აღნიშნული ქმედება უსაფრთხოების მიზნით გახდა საჭირო.