გერმანია და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
გერმანია და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პენტაგონში, აშშ-ის ომის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, ჰეგსეტთან შეხვედრა პროდუქტიული იყო და მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ახლახან ჩემს კოლეგას, პიტ ჰეგსეთს შევხვდი. პენტაგონში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ეს იყო ძალიან მეგობრული საუბარი, რომელიც ურთიერთპატივისცემითა და კარგი თანამშრომლობის სურვილით გამოირჩეოდა. როგორც იცით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გერმანულ-ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვის ინდუსტრიებში, ისევე როგორც ჩვენ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბერლინი და ვაშინგტონი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შეფასებაშიც იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას.
„ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ერთ პოზიციაზე ვართ. ერთი და იგივე ხედვა გვაქვს. პიტ ჰეგსეტიც აცნობიერებს საფრთხეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბიც და სხვებიც აღიარებენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს. ამავე დროს ისინი ამბობენ, რომ არ უნდა ველოდოთ, თითქოს რაღაც ხვალვე მოხდება. თუმცა ეს ხელს არ უნდა გვიშლიდეს, დღესვე და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მომზადება“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიას წარმოების შესაძლებლობებითაც დაეხმაროს.
„შეერთებულ შტატებში წარმოების შესაძლებლობები თუ არასაკმარისია, რაც მაღალი მოთხოვნის გამო ზოგიერთ სფეროში ნამდვილად ასეა, ჩვენ მზად ვართ, წარმოება გერმანიაში განვახორციელოთ. ამ შეთავაზებას ძალიან დადებითად შეხვდნენ“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, გერმანიას ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც ორივე ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, ისე ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას.