გერმანია ახალი საიმიგრაციო კანონის განხილვას იწყებს, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიზიდვაა
გერმანია ახალი საიმიგრაციო კანონის განხილვას იწყებს, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიზიდვაა

გერმანიის მთავრობა ახალი საიმიგრაციო კანონის განხილვას იწყებს, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიზიდვაა.

როგორც „როიტერსი“ წერს, ახალ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში მუშაობის დასაწყებად, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარდა, გერმანული ენის ცოდნასაც წაუყენებენ.

გერმანიის კანცლერმა ახალ ინიციატივაზე ბუნდესტაგშიც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიები უცხოელ სპეციალისტებს უნდა დაეყრდნონ. მერკელის განცხადებით, მსხვილ კორპორაციებს მუშახელის სიმცირის გამო, გერმანიის დატოვება არ უნდა უწევდეთ.

გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს გერმანელი მეწარმეები და ბიზნესმენები მიესლამენენ. თუმცა, როგორც ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, გერმანიის მოქალაქეთა 51%-ი მიიჩნევს, რომ მთვარობამ სერიოზულად ვერ აღიქვა, გერმანელების ის შეშფოთება, რომელიც მიგრანტების ნაკადის ზრდამ გამოიწვია. ამას გარდა, მერკელის წინადადებას შესაძლოა წინააღმდეგობა მმართველ კოალიციაშიც შეხვდეს, ახალი კანონის წინააღმდეგ გამოდის „ქრისტიან-სოციალისტური პარტია“.

უთანხმოების ერთ-ერთი საკითხი მიგრანტებისთვის ლეგალური თავშესაფრის მიცემაა. კერძოდ, მმართველი კოალიციის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ მიგრანტებს თავშესაფრის მიღება, იმ შემთხვევაშიც არ უნდა შეეძლოთ, თუ ისინი დასაქმდებიან და გერმანულს ისწავლიან.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. როგორც მკვლევრები ამბობენ, მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების შესავსებად, გერმანიას 2060 წლამდე, ყოველწიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მიგრანტის მიღება დასჭირდება.

„როიტერსის“ ცნობით, გერმანიაში მუშახელის დეფიციტია ისეთ სფეროში, როგორიცაა მშენებლობა, განათლება, ბავშვებისა და მოხუცები მოვლა. როგორც „როიტერსი“ წერს, შემდეგ 15 წელიწადში გერმანიაში იმ ხანდაზმულთა რიცხვი, რომლებსაც მოვლა დასჭირდება 25 პროცენტით გაიზრდება.

საქართველოში ყოფნისას ანგელა მერკელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ ისაუბრა. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.