გერმანელი მომხსენებლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ყველა შესაძლებლობას, არ მისცეს მეზობელ ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება
გერმანელი მომხსენებლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ყველა შესაძლებლობას, არ მისცეს მეზობელ ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება

ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიაზე უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა გერმანელი მომხსენებლის, ულა შმიდტის ანგარიში – „ნატო 70 – ალიანსის ფასეულობების დადასტურება“ დაამტკიცა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლონდონიდან იუწყება, დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები, მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთი აგრძელებს ტრადიციას და აკეთებს ყველაფერს, რომ მეზობელ ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

„რუსეთ აგრძელებს თავის ტრადიციას, იყენებს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო ძალას, რომ არ მისცეს საშუალება მეზობელ ქვეყნებს, მისი გავლენის სფეროდან გავიდნენ, რისი მაგალითიც არის უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ „დემოკრატიისკენ სწრაფვა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა ნატო-ს წევრობის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. წევრობის მსურველ სამ ქვეყანას – ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოსა და უკრაინას შთამბეჭდავი პროგრესი აქვთ დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემების კონსოლიდაციაში. ნატო-ს მრჩევლებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს და უკრაინას ბოლოდროინდელი კანონმდებლობების შემუშავებაში, რაც მნიშვნელოვანად გაზრდის საპარლამენტო ზედამხედველობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში“.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა მტკიცედ დგანან ტრანსფორმაციის გზაზე.

„ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველო და უკრაინა მტკიცედ დგანან ტრანსფორმაციის გზაზე და ეწევიან ნატო-ს ამჟამინდელ წევრებს საერთაშორისო ტრენინგებში, რომელიც უკავშირდება მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და ბიზნესგარემოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს რეიტინგში უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ 10 ქვეყანას და ერთს, რომელიც მალე გახდება წევრი“, – აღნიშნულია გერმანელი მომხსენებლის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი