გერმანელი ექსპერტი - პუტინის მისამართით გინება პოლიტიკური პროვოკაციაა
გერმანელი ექსპერტი - პუტინის მისამართით გინება პოლიტიკური პროვოკაციაა

გერმანელ ექსპერტ შტეფან მაისტერის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანის, გიორგი გაბუნიას გინებას მთავარი პოლიტიკური ძალები საქართველოში ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ. ამის შესახებ განცხადება მაისტერმა გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, „საქართველოში რუსეთის თემა ხალხს წარმოუდგენლად აღელვებს და ამის დანახვა შესაძლებელი იყო 20 ივნისის აქციების დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა“.

„20 ივნისის აქციები და გაბუნიას გამოსვლა ცხადყოფს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც საქართველოში მომავალ წელს გაიმართება, ჩვენ არაერთხელ ვიხილავთ პოლიტიკურ პროვოკაციებს, რუსეთის მოხსენიებით“, – აცხადებს გერმანელი ექსპერტი.

გერმანელი ექსპერტი აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოში დაძაბული სიტუაციის ესკალაციას ცდილობს და „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

„რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ახდენს. მე ვშიშობ, რომ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები გაუარესდება. მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ მოსკოვს მშვიდობა სურს, პირიქით, არაა გამორიცხული, რუსეთმა საქართველოს სანქციები დაუწესოს, რაც საქართველოს რუსეთისგან დისტანცირებას გაზრდის“, – ამბობს გერმანელი ექსპერტი.