გერჰარდ შრედერი - ტრამპის შემხედვარე შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ არსებობს პუტინი
გერჰარდ შრედერი - ტრამპის შემხედვარე შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ არსებობს პუტინი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა რუსეთის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და უკრაინა დონბასში ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.

შრედერმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს უფროსი აცხადებს, პუტინის პოლიტიკა რაციონალურია. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ დგას ბერლინი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ავანგარდში.

შრედერი ელოდება, რომ გერმანია რუსეთის მიმართ უფრო ლმობიერი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა გერმანიის გაერთიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საერთო ჯამში, ექსკანცლერი სანქციების წინააღმდეგია.

შრედერი მიიჩნევს, რომ უკრაინა დონბასში კონფლიქტის მოგვარებას არ ცდილობს. მისივე თქმით ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.

ექსკანცლერის თქმით, ვაშინგტონის პოლიტიკის მიზანი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობიდან რუსეთის იზოლაცია და მისი NATO-ს ძალების ალყაში მოქცევა იყო.

„რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენ გვჭირდება მათი ბაზარი და ენერგიის წყაროები. რუსეთი გვჭირდება პოლიტიკური კუთხითაც, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთს, ირანსა და კავკასიას ეხება” -განაცხადა შრედერმა.

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ სექტემბრის ბოლოს დანიშნეს.