გერგეთამდე მისასვლელ გზაზე, სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
გერგეთამდე მისასვლელ გზაზე, სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელ 5.6 კმ-იანი გზის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ 300-მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებულ მონაკვეთზე, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, უწყების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურების, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს. სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.

„გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს. ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული ხუთი პროცენტის ფარგლებში მოხდება.