Georgian Wings-მა თბილისი-კიშინეუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა
20 თებერვალს ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვის, კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა შეასრულა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდის დაშვებას კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტი საზეიმო ვითარებაში, ტრადიციულად, წყლის თაღით დახვდა.
პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა. მგზავრთა დახვედრა მოლდოვური ტრადიციების შესაბამისად მოხდა, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პირველი ფრენის რეგისტრაცია კიშინეუ-თბილისის მიმართულებით ქართული ტრადიციული მუსიკისა და აქტივობების ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიებას როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე, კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტის და Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Georgian Wings-ის პრეზიდენტის, შალვა კიკნაძის განცხადებით, „ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინეუ-თბილისი კვირაში ორი სიხშირით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინეუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას“.
ღონისძიების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Wings-მა დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება კიშინეუს მიმართულებით. რეისები იქნება კვირაში ორჯერ და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს. საკმაოდ აქტიური ტურისტები არიან მოლდოველები, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდება საქართველო“, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.
Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინეუ-თბილისის მიმართულებით ყოველ სამშაბათს და შაბათ დღეს, რეგულარულად, კვირაში ორჯერ სიხშირით შეასრულებს.