გეოლოგი - სტიქიის ზონაში წყლის დონე დაკლებულია, სიტუაცია სტაბილურდება
გეოლოგი - სტიქიის ზონაში წყლის დონე დაკლებულია, სიტუაცია სტაბილურდება

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში წყლის დონე დაკლებულია, სიტუაცია სტაბილურდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ზურაბ ჭყონიამ პირველ არხს განუცხადა.

ის, სხვა სპეციალისტებთან ერთად, სვანეთში იმყოფება და ადგილზე სწავლობს ვითარებას.

ჭყონიას განმარტებით, მდინარის გასწვრივ გვერდითი ეროზიები, მცირე გამორეცხვები სტიქიის თანმდევი პროცესია და არ არის საგანგაშო. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სპეციალურ შტაბს მუდმივად მიმართავენ რეკომენდაციებით, სიტუაცია კონტროლირებადია.

„ნალექის მომატების შემთხვევაშიც ძალიან დაბალია სტიქიის განმეორების საფრთხე. თან, ნალექიც არ არის მოსალოდნელი. მიუხედავად გუშინდელი ატმოსფერული უხვი ნალექებისა, წყლის დონე მკვეთრად დაწეულია. მთის ჩამოშლილი ნაწილი მთლიანად აკუმულირებულია ხეობაში. მდინარემ, პრაქტიკულად, ჩაჭრა და გაიკეთა კალაპოტი და ხეობაში დატოვებული ინერტული მასალა პერიოდულად გაიწმინდება”, – აცხადებს ზურაბ ჭყონია.