გეოლოგებმა კასპში მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები გასცეს
კასპში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების გამო, გართულებების თავიდან ასაცილებლად ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ისევ დააბრუნეს – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს დილიდან სიტუაციის შესწავლის მიზნით, გეოლოგების ჯგუფი კასპში იმყოფება.
„1-ელ თებერვალს ღამის საათებში კასპის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე, ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიიდან დროებით რამდენიმე ოჯახი იქნა გაყვანილი.
დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ქ.კასპში იმყოფება სიტუაციის შესწავლის მიზნით.სპეციალისტების შეფასებით, ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა თიხოვან გრუნტში, წყლების გრუნში ჩაჟონვის შედეგად.
გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ოჯახები, რომლებიც გვიან ღამით უსაფრთხოების მიზნით იქნა გაყვანილი, დააბრუნეს საკუთარ სახლებში. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე საფრთხე მოხსნილია.
გეოლოგების რეკომენდაციით, საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, ფერდობებიდან მიწის გატანა, საყრდენი კედლის მოწყობა, მილსადენების მოწესრიგება და ა.შ .
აღნიშნული რეკომენდაციები ადგილზევე გააცნეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.