გეოლოგების წინასწარი დასკვნით, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის გააქტიურება ატმოსფერული ნალექების ინტენსივობამ გამოიწვია
გეოლოგების წინასწარი დასკვნით, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის გააქტიურება ატმოსფერული ნალექების ინტენსივობამ გამოიწვია

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, კვლავ დაკეტილი რჩება. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვიზუალური დაკვირვების შედეგად, გეოლოგებმა წინასწარი დასკვნა მოამზადეს.

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის, დავით ნოზაძის ინფორმაციით, ვიზუალურ-გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის გაზრდითაა გამოწვეული.

„მეწყრული პროცესების გააქტიურება ვიზუალურ-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, გამოწვეულია, ზოგადად, რეგიონში და ასევე, საკვლევ ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის გაზრდით და მათი ჩაჟონვით. რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც გამოიყოფა შესაბამისი თანხები საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. შესაბამისად, მანამდე რჩება გადაადგილების შეზღუდვა. ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შსს-ს თანამშრომლები. რაც შეეხება საფრთხეს და მის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესები აქტიურია, მინდა, დაგარწმუნოთ, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დეტალური დასკვნის შემდგომ დაიწყება სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. კონკრეტულ ტერიტორიაზე, ახლა სადაც ჩამოსულია მეწყერი, ეს არის პირველი შემთხვევა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო პატარა მონაკვეთები, სადაც უკვე მომზადებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

მას შემდეგ, რაც გეოლოგებისა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტების მიერ მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება, შეირჩევა სამშენებლო კომპანია, რომელიც საინჟინრო პროექტს წარმოადგენს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულ გზაზე, მანამდე, სამუშაოები კომპანია „ჯეო გრუპმა“ განახორციელა, თუმცა დავით ნოზაძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად აღნიშნული კომპანია შეასრულებს დამატებით სამუშაოებს, ვინაიდან, პრობლემა მხოლოდ გზის მიმდებარე ტერიტორიას არ უკავშირდება.

„მას შემდეგ, რაც გვეცოდინება კონკრეტული სამუშაოების საჭიროება, თუ რა უნდა განხორციელდეს, მოხდება შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიის მოძიება. დეტალური კვლევის შემდგომ ზუსტად გვეცოდინება სამუშაოების მასშტაბი. არ გამოვრიცხავთ, რომ ვინც სამშენებლო სამუშაოები აწარმოა, იმას არ დაეკისროს სამუშაოების განხორციელება. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება დეტალები, თუ რა სამუშაოები უნდა შესრულდეს, ამის შემდეგ მოხდება შერჩევა. შესაძლებელია ეს მოხდეს ტენდერით, მაგრამ სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან, რომ იქნება სასწრაფოდ გასაკეთებელი და დროში ვიქნებით შეზღუდული, აღნიშნული კომპანიის მოძიება სავარაუდოდ გადაუდებელი შესყიდვით მოხდება“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

დატოვე კომენტარი