გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ხვანჭკარას“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ხვანჭკარას“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარას“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„წარმოვიდგინოთ, 1944 წელია, მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა. თეირანში იმართება უმაღლესი დონის კონფერენცია, ერთმანეთის პირისპირ სხედან სტალინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, მაგიდაზე კი დგას ქართული ღვინო „ხვანჭკარა“. სტალინის მხრიდან იმ დღის მთავარი სამასპინძლო სასმელი იყო „ხვანჭკარა“, რომელსაც რუზველტის დიდი მოწონება ხვდა წილად და, საომარი ვითარების მიუხედავად, საუბრის გარკვეული ნაწილი შეეხო ამ და სხვა ქართული ღვინის გატანას კალიფორნიაში.

როგორ გაგრძელდა ქართული ღვინის გასვლა ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ კონკრეტულად „ხვანჭკარას“ რომ დავუბრუნდეთ, რაჭაში უნდა ვიმოგზაუროთ. რაჭის მხარეში შევდგამთ თუ არა ფეხს, პირველ მასპინძლად ნიკორწმინდის ტაძარი დაგვხვდება – XI საუკუნის ნაგებობა, რომლის მთავარი შესასვლელი კარი მთლიანად ვაზის ბარელიეფით არის მორთული. ტაძრის გარე ჩუქურთმებშიც იძებნება ყურძნის დეტალები და ეს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი გვაფიქრებინებს, რომ ვაზის კულტურა ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო გავრცელებული რაჭაში.

რაც შეეხება „ხვანჭკარას“, მის წარმოშობას სათავეში ედგა რაჭის თავადი დიმიტრი ყიფიანი – მეცენატი, კაცი, რომელმაც 1912 წელს დააფინანსა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სწორედ დიმიტრი ყიფიანმა XIX საუკუნის ბოლოს არასრული დუღილის შეჩერებით, ბუნებრივად მიიღო ნახევრადტკბილი ღვინო. მას საკუთარი სახელი – „ყიფიანის“ ღვინო დაარქვა, ჩამოასხა და რამდენიმე ისეთ ქალაქში გაიტანა გასაყიდად, სადაც ვაჭრობა უკვე განვითარებული იყო. მოგვიანებით ამ ღვინოს სოფლის სახელი „ხვანჭკარა“ დაერქვა, რომელიც 2005 წელს დარეგისტრირდა, როგორც ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარა“.

ხვანჭკარა წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე შეფერილობით. მისი არომატი და გემო არის უზადო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხავერდოვანი, სასიამოვნო სიტკბოთი სავსე, რაც მოცემული არეალის მიკროკლიმატის პირობებში მოწეული ყურძნის ადგილობრივი ჯიშების უნიკალობისა და ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია. ხვანჭკარა შეიძლება, დამზადდეს მხოლოდ ამ სოფლის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მისი შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 23 პროცენტისა. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა კი არ უნდა იყოს 11 პროცენტზე ნაკლები.

ერთი საუკუნის განმავლობაში ხვანჭკარას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო გამოფენაში და დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და საპრიზო ადგილებით. მისი გამარჯვებების მცირე ჩამონათვალი ასეთია: 1900 წელი, ყიფიანის ღვინის სახელით, ბათუმის პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენა; 1907 წელი – ყიფიანის ღვინის სახელით, გრან პრი ბელგიის საერთაშორისო გამოფენაზე; 1996-2000 წლები – ხუთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე; 2000 წელი – გრან პრი და ოქროს მედალი სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 14 ივლისს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – ნათქვამია სტატიაში.